logo
ENG



გიორგი გახარია: მზად ვარ, ნებისმიერ დროს ვეახლო პარლამენტს და წარვუდგინოთ დეტალური ანგარიში 

15 მაი 202017:09
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიამ ოპოზიციის შემოთავაზებაზე თანხმობა განაცხადა. პრემიერის თქმით, საზოგადოებაში არსებობს კითხვები, თუ როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. 

გახარია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ნებისმიერ დროს ეწვიოს პარლამენტს და წარუდგინოს ანგარიში, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით.

„მესმის, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული საინტერესო კითხვები, მათ შორის ობიექტური, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მინდა განვაცხადო მზაობა როგორც ჩემი პირადი, ასევე მთავრობს თითოეული წევრის, ნებისმიერი სახით პარლამენტშიც მათ შორის მოსვლასთან დაკავშირებით. ბატონო თავმჯდომარევ, მზად ვართ ნებისმიერ დროს, როცა პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, ვეახლოთ პარლამენტს და წარვუდგინოთ ის დეტალური ანგარიში, თუ როგორ მართავდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანას“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ, პრემიერ გიორგი გახარიას მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიციას მის მიმართ პოლიტიკური კითხვები აქვს, რომელსაც გახარიას პარლამენტში მისვლისას დაუსვამს.

ინტერპელაციაზე პარლამეტში პრემიერ-მინისტრი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. მათ აინტერესებთ თუ რა დარღვევები და გადაცდომები შეიძლება არსებობდეს საგანგებო პერიოდის მართვის პროცესთან დაკავშირებით. 


close დახურვა